logo
ENG



"შეწყდეს კარტოგრაფების საქმე" - 17:00-ზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

10 ოქტ 202011:43
3 წუთის საკითხავი
 
f6d65hfjtocsrl1.jpg

დღეს, 10 ოქტომბერს, 17:00-ზე პარლამენტთან ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა სირცხვილიაა. ისინი კარტოგრაფების საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. 

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 სექტემბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 

რაც შეეხება ბრალდების საფუძველს - პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი".


close დახურვა